დათო მაღრაძის ახალი პოემა
საშობაოდ სტოკჰოლმში პოეტ დათო მაღრაძის ახალი პოემის “ ბარაქიანი მიწის” შვედური თარგმანი გამოვა. გთავაზობთ აღნიშნული გამოცემის წინასიტყვაობას, რომელიც ცნობილ შვედ პოეტ კრისტიან კარლსონს ეკუთვნის. „აქ ევროპული გამოცდილება ქართული თვალსაწიერიდანაა დანახული. არის ამ გამოცდილებაში რაღაც საგულისხმო და მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის, რომ იგი ხალხებს საშუალებას აძლევს დაახლოვდნენ ბრძოლაში, რომელიც გარდასულ დროთა კულტურული ნიშანსვეტების დაცვას გულისხმობს. პოეტი დათო მაღრაძე ელიოტის უნაყოფო მიწაზე თავის ბაღს აშენებს და ამას აკეთებს ვოლტერის კანდიდისთვის დამახასიათებელი ორაზროვნებით. ბარაქიან მიწაზე გადის გზა ბავშვობისაკენ. ამ გზაზე მოჩანს კულტურული ხატები და მათი აღმსარებელნი. ზოგჯერ ყველაფერი იმსხვრევა, ზოგჯერ კი ღირებულება ზეობს - დარღვეულია წონასწორობის ცენტრი. ყველაფერი შეიძლება გაქრეს მსოფლიო ბაზრიდან ისე, რომ შუა გზამდეც ვერ მიაღწიოს. ზოგჯერ კი შეიძლება ყველაფერი გაიოლდეს. აი, მაგალითად, ისე, როგორც ქართველი ნაივისტის, ფიროსმანის ფერწერა გამოდის თავისი ფოლკლორულად პასიური რეგიონალიზმიდან და მილიონობით დოლარს ატრიალებს მსოფლიოს აუქციონებზე. და ეს მაშინ, როდესაც სამყაროს შეძენა შესაძლებელია "ერთ გროშად". დიახ, სამყარო გაუფასურდა, რადგან ადამიანი აღარ ცდილობს ფასეულობათა შენარჩუნებას. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ერთეულთა თავგანწირული მცდელობა, როგორმე სამყაროს ნატეხები მაინც გადავარჩინოთ. სიკვდილ-სიცოცხლის დილემა წარმოშობს უსაფრთხოების ცრუ განცდას. ხელისუფლებები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ გადაწყვეტილებები იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, სჯერათ ეს თუ არა მოქალაქეებს. ის, ვინც იწყებს ბრძოლას თავისი საქმისთვის, გაიგებს რა ფასი აქვს ცხოვრებას.











